გრიგორი კარასინი - საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს
საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა „აქეზებს ავანტიურისტ და უაპასუხისმგებლო პოლიტიკისებს.
“ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ჩვენს მივიღებთ შესაბამის ზომებსაც“, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ შემუშავებულ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიაზე. მისი თქმით, ამ სიამ შეიძლება, შეუშალოს ხელი გალის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ამუშავებას.
„საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ თუ საქართველოს მხარე დათმობაზე არ წამოვა, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის დისკუსიებზე საუბარი შეეხო ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებას, რასაც კარასინის თქმით, ქართული მხარე არ თანხმდება, თუ არ შეიქმნება ამ ასეთი განცხადების რეალიზაციის მექანიზმი.
რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია ასეთი ლაბორატორიის რუსეთის საზღვრებთან არსებობს და ამ საკითხს რუსული მხარე გაეროში დააყენებს.