გრიგორი კარასინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას „ხისტს, თუმცა ადეკვატურ ზომას“ უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას „ხისტს, თუმცა ადეკვატურ ზომას“ უწოდებს.
ამის შესახებ კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია. კი, ის ხისტია, თუმცა სხვანაირად ვერ იქნებოდა. საუბარი ხომ ასი ათასობით რუს ტურისტზეა. ჩვენ ვერ დავაყენებთ მათ საფრთხის წინაშე სხვადასხვა ხულიგნური გამოვლინებების გამო, მით უმეტეს, რომ ამ მტრულ განწყობას ამძაფრებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება ასეთ პირობებში, „თუმცა სახელმწიფოს ამოცანაა, იყოს ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
„მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ ის დროებითია”, – აღნიშნა კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი ელოდება საქართველოში ვითარების ნორმალიზებას, „რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საშიშროების აღმოფხვრას”, რის შემდეგაც შეზღუდვები გაუქმდება.
„სახელმწიფოს ამოცანა შესაძლო რისკების წინასწარ დანახვა და გათვლაა და არა იმის ლოდინი, თუ როდის განხორციელდებიან ისინი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გადაწყვეტილება იყო აუცილებელი”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოში ანტირუსულ კამპანიაზე მათი ადეკვატური რეაქციის შედეგად პოლიტიკური ქულების მიღების მსურველები გონს მოეგნენ.
„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ არის ჩვენი ხალხის მისამართით სითავხედისა და მუქარების მოთმენა. ჩვენ იძულებულები ვართ, წინასწარ გავთვალოთ რისკები და დავბლოკოთ ისინი.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ადეკვატური რეაქციის შედეგად გონს მოეგნენ ისინი, ვისაც სურს პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე ქულების ცინიკურად მიღება. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის. ჩვენს ორ ერს ეყოფა მოთმინება და საღი აზრი კონსტრუქციული მიდგომების განსავითარებლად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
დიპლომატის განცხადებით, „მისთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების ანტირუსული მიმართულებით წარმართვა შეძლეს“.
„შედეგად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული ყველაფერი პოზიტიური, რაც საერთო ძალისხმევით იქმნებოდა 2012 წლიდან”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა რადიკალებმა სიტუაცია კვლავ მარტივად შეიყვანეს მტრობისა და კონფრონტაციის ჩიხში“.