გრიგორი კარასინი - პრაღაში შეხვედრებით დე ფაქტო ვამზადებთ საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სამომავლო შეხვედრას
გრიგორი კარასინი - პრაღაში შეხვედრებით დე ფაქტო ვამზადებთ საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სამომავლო შეხვედრას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრით დე ფაქტო მზადდება საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სამომავლო შეხვედრა.

კითხვაზე, განიხილა თუ არა რუსულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა, გრიგორი კარასინმა განაცხადა:

„მსგავსი შეხვედრა, ასეთ მაღალ დონეზე სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა. აქ, პრაღაში შეხვედრით დე ფაქტო ვამზადებთ მსგავსი ტიპის შეხვედრას სამომავლოდ. თუ რაიმეს შეთავაზება შეგვეძლება ორი სახელმწიფოს ლიდერისთვის, რა უნდა განიხილონ პირდაპირ შეხვედრაზე, ნამდვილად წავალთ ამაზე, მაგრამ ჯერ ეს ჰიპოთეტურია“, – აღნიშნა კარასინმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე 16 მაისს ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.