გრიგორი კარასინი - ნატო-ს წევრების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გააქტიურება შეინიშნება
მოსკოვი აღნიშნავს ნატო-ს ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გააქტიურებას, – ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ საქართველოში აშშ-ისა და ნატო-ს აქტივიზაციას. არ მოვიყვან ციფრებს, თუმცა მნიშვნელოვნად გააქტიურებულია შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ახლო მომავალში საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე შეკითხვას რუსმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დავრჩეთ ოპტიმისტები“.
„თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონსგარე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მიუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გაამწვავონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.