გრიგორი კარასინი მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლაზე - მსგავსი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს
გვესმის, როგორი დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ, შევეცდებით, ამას რამე მოვუხერხოთ, შევეცდებით, ყველაფერი პოზიტივის გამოყენებით და კონსტრუქციული მსჯელობით გავაკეთოთ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლის კომენტირებისას.
როგორც კარასინმა პრაღაში, პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს.
„ჩვენ ვკითხულობთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაერო-ში. გვესმის, როგორი დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ. შევეცდებით, ამას რამე მოვუხერხოთ, შევეცდებით, ყველაფერი პოზიტივისა და კონსტრუქციული მსჯელობის გამოყენებით გავაკეთოთ. ის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია წინ წავწიოთ, დაგვეხმარება პოლიტიკურ კუთხითაც, პოლიტიკური ურთიერთობების აღზრდაში. ასეთ ფსონს ვაკეთებთ. ასეთი განცხადებები ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ეს არის კრიტიკა ჩემი ქვეყნის მიმართ. ცინიკურად ჟღერს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების დამყარების სურვილი და ამავე დროს, ამ ქვეყნების დადანაშაულება იმაში, რომ იქ არანორმალური ვითარებაა, ადგილი აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ნაბიჯების გადადგმის ნაცლად, ფაქტობრივად, ხდება არსებული მექანიზმების ჩაშლა. ვგულისხმობ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს.
ჩვენ პრაღაში შეხვედრას ვმართავთ, რათა გადავჭრათ ის საკითხები, რისი გადაჭრაც შეგვიძლია. ეს არის სატრასპორტო, სახმელეთო, საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარული კონტაქტები, სავიზო საკითხები, ამ არასრული 6 წლის განმავლობაში რაღაც გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, ეს კონსტრუქციული ტენდენცია გაგრძელდება. არ გამოგვივიდა პოლიტიკური ნაწილი“, – განაცხადა კარასინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.