გრიგორი კარასინი - ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, რომ ეს პერიოდი ომისა და მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე გავიდა
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ ერგნეთისა და გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, ეს მექანიზმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის პროდუქტია, – ამის შესახებ პირველ არხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.
„ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ ეს პერიოდი მეტნაკლებად პროგნოზირებად გარემოში გავიდა. ათი წელი გავიდა ომის, მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე. ეს არის მთავარი შედეგი. ისე სწრაფად არა, როგორც ამის სურვილი გვაქვს, მაგრამ მივდივართ ნელა იმისკენ, რომ საქართველო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთთან საუბრობენ. გვსურს, ეს პირდაპირი დიალოგი უფრო კონსტრუქციული იყოს და მეტი კონკრეტული შედეგი გვქონდეს მოსახლეობისთვის. შესაძლებლობები ამისთვის ნამდვილად არსებობს. ხელს უშლის პროცესს საკითხების ზედმეტი პოლიტიზირება”, – განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, შექმნილია ცნობილი მექანიზმები, რომლებიც რთული ვითარების დროს, ადამიანების დაკავებას, საზღვრის დარღვევასა და ეკონომიკური საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფს.
„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ ამ მექანიზმის შენარჩუნებას. თუ ჩვენ ჩიხში შევალთ და მუდმივად შექმნილი სტერეოტიპების მსგავს სანქციონირებულ პირთა სიებს ჩამოვეკიდებით, მაშინ წინ ვერ წავალთ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ ვისაუბრებთ და უფრო მეტიც, შევეცდებით, რომ ვიპოვოთ გზა და მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ამ მექანიზმების შენარჩუნებისა და შეხვედრების განახლების შესაძლებლობას მოგცემს. რა ვისურვოთ მომავალი ათი წლისთვის? ნაკლები ემოციურობა და სერიოზული ანალიზი იმ შესაძლებლობების, რომლებიც ურთიერთობების დასალაგებლად არსებობს და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ შედარებით მშვიდად მარტო ისინი არ ცხოვრობენ, რომ მათი შვილები და შვილიშვილებიც მშვიდობიანად იცხოვრებენ”, – განაცხადა კარასინმა.