გრიგოლ ვაშაძემ ონში დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კლინიკაში მოინახულა
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ონში დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კლინიკაში მოინახულა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„სამწუხაროდ, დაზუსტებული ინფორმაცია არც ნათესავებს აქვთ. არის პერიტონიტი, ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე. ერთ რამეს აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეყო იმის ვაჟკაცობა, ეღიარებინა, რომ ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული, მაგრამ ველოდებით დადასტურებას, რომ ორი სხვადასხვა ცივი იარაღით არის მიყენებული.
კიდევ ერთი კრიმინალი, რომელიც დაცვის პოლიციაში მსახურობდა, მგონი, უკვე გააგდეს სამსახურიდან, დაკითხეს და გაუშვეს. ისაკაძე კიდევ დაკავებულია და თავის თავზე იღებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ნოდარ ბუნდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა ვლოცულობთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, რადგან ეს ადამიანი და ონი ამ ინციდენტს არ იმსახურებდა. ონი არის გადაქცეული ვინმე ვიგინდარა საგანაძის, ასეთივე კრიმინალის საკონცენტრაციო ბანაკად. ორჯერ როცა იქ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიყავით, ხალხი ლაპარაკობდა რომ აბსოლუტურად ყველა არის დატერორებული და არჩევნები გადააქციეს სასაკლაოდ, რადგან იციან, რომ აგებენ.
გამაგებინეთ, რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ ასე ეშინიათ წაგებისა და კაბინეტებიდან გამოსვლის ან ნოდარმა რა დაუშავა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ ონში მომხდარი დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
შსს-ს ინფორმაციით, ონში მომხდარი დანაშაულის შემსწრე დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.