გრიგოლ ვაშაძე - ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია, მას პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს
წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს, პირველი, რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ.ქართული ოცნების წევრები, რადგან ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ აპირებს ამ არჩევნების გაყალბებას, რადგან ისინი ვერ მოიგებენ პატიოსან არჩევნებში.
„ორი აბზაცი წავიკითხე, რადგან ამ ადამიანის არც ინტერვიუების მოსმენის თავი მაქვს და არც მისი განცხადებების. ბოლნისში, მარნეულში, თბილისში, სადაც სცემენ ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს მისი ბანდერლოგები, ზონდერები, ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო? ვის ეუბნება, ძალადობას არ აყვეთო? ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია, მას პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. რაც შეეხება მის რეიტინგებს, როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა და 31 ოქტომბერს გასცემს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდებისა და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისთანა ადამიანებს აგდებს საპყრობილეში. წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს, პირველი, რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრები, რადგან ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ, რაზე უნდა მიხვიდე, რვა წლის შიმშილზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ქვეყნის ძარცვაზე უნდა ელაპარაკო? და მეორე – ქალბატონი თამარ ჟვანიას მეთაურობით აპირებენ ამ არჩევნების გაყალბებას, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს პატიოსან არჩევნებში“, – განაცხადა ვაშაძემ.