გრიგოლ ვაშაძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წარმოდგენილ პროექტს მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას, საერთოდ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას
გრიგოლ ვაშაძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წარმოდგენილ პროექტს მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას, საერთოდ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ საგარეო კომიტეტის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის განხილვისას უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა, დახურულ ფორმატში ამ ტექსტზე იმსჯელონ.

მისივე თქმით, დღევანდელი სახით არსებულ რეზოლუციის ტექსტს მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა ვერც წინააღმდეგ მისცემს ხმას.

„შეკითხვა მაქვს ბატონ გიორგისთან, კომიტეტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან, შეიძლება ამ ტექსტზე დავსხდეთ და ვიმუშაოთ? რიტორიკული შეკითხვაა, ვიცი, რასაც მიპასუხებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, თხოვნით მოგმართოთ, დავსხდეთ, დავხუროთ სხდომა და ვიმუშაოთ ამ ტექსტზე, რადგან ეს არ არის ტექსტი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს.

მეორე, იმან რასაც ეს ტექსტი ჰგავს, 2010 წელს, როცა უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება მობრძანდა, 10 ივლისს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მითხრა, რომ 12 მოთხოვნაში, რაც რუსებმა გამოაგორეს, იყო მოთხოვნა გაერო-ში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. შეწყვიტეს. ჩემი თხოვნა იყო – თავი არ შეიკავოთ, საერთოდ არ მიხვიდეთ ხმის მიცემაზე. რით დაამთავრა უკრაინამ ეს სიმბოლურ აქტებში არმონაწილეობა, კარგად ვიცით.

მესამე, თხოვნა მაქვს უზარმაზარი, თუ რუსეთის ფედერაცია არ იქნება, იმას მაინც ნუ ვიტყვით უკრაინაში, რადგან რუსულად ეს გადაითარგმნება აბსოლუტურად ცალსახად. მე ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ ამას. ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას, რაოდენ უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, საერთოდ არ მივიღებ ხმის მიცემაში მონაწილეობას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომიტეტის სხდომაზე მან ასევე დასავლეთის მხარდაჭერასა და მის როლზე ისაუბრა.

„ბოლოს, ბატონო ფრიდონ, დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცე რომ არ იყოს დღეს, ხარკოვი, პოლტავა, დნეპრი და კიევის გარეუბნები რუსეთს უკვე აღებული ექნებოდა. დიდი სისხლის ფასად, მაგრამ აღებული. რას ლაპარაკობთ, ვინ გაწირა, რა გაწირა. დასავლეთის კონსოლიდირებული მხარდაჭერა რომ არ იყოს – აშშ-ის, ნატო-ს, ევროპის კავშირის და ისეთი მოშორებული ქვეყნების, როგორიც იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია არის. ყელში ამოუვიდა სუყველას რუსული იმპერიალიზმი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.