გრიგოლ ვაშაძე - თანამდებობის პირებმა „იუთუბში“ ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ, ნუ ცდილობთ, ბიძინა ივანიშვილს დააბრალოთ ყველაფერი
ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ და ვინც აქედან წავა, მერე პრეტენზია არ წაუყენოს არავის, თავის თავის გარდა, გავხევთ ნაკერავზე ამათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია, რომელთაგან პირველი ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.
„თქვენ გენაცვალეთ, მოგესალმებით, მე იმდენი ჟანგბადი არა მაქვს ფილტვებში, რამდენიც ბატონ შოთას, ამიტომ ძალიან მოკლედ გეტყვით ყველაფერს და თქვენი ხმა გამაგონეთ. ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა იცით. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ხომ გინდათ? კრიმინალი დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ეძახის მთავრობას, უნდა გადადგეს და უნდა მოვიდეს დროებითი, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა, ხომ გინდათ? ახალი წესით, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო, რომ ეს კორუმპირებული, ნეპოტისტებით გავსებული ორგანო გავწმინდოთ და ხალხის სამსახურში დავაბრუნოთ, ხომ გინდათ? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მყისიერად, უპირობოდ, სასწრაფოდ, ხომ გინდათ? ვახტანგ გაფრინდაშვილის რუსი ნაცისტების ტყვეობიდან გამოხსნა, ხომ გინდათ? რაზეც თითს არ ანძრევენ, ჩვენი გმირი ექიმი, რომელიც გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ესენი თამაშებს გვეთამაშებიან. სუსი ოპოზიციას დასდევს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ბანერი, რომელიც პარლამენტის წინ არის გაკრული „ყველა მინუს ერთი“, ეს ნიშნავს, რომ ყველა რიგითი მოქალაქეს მინუს „ქართული ოცნება“, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მინუს „ქართული ოცნება“, სამოქალაქო საზოგადოება მინუს „ქართული ოცნება“, ეს ნიშნავს საქართველო მინუს „ქართული ოცნება“.
„ერთი ადამიანი დგას აქ, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში რამე იხეირა, თუ არ არის ფარცხალაძე, ფარცხალაძისა და მსგავსების დაჯგუფების წევრი? ერთი დამანახვეთ, სად არის ის ხალხი, ის ხალხი აქ არა დგას, თბილ კაბინეტებში სხედან და 1000 პოლიციელი რომ ჰყავთ შემოყვანილი პარლამენტში, იმის ზურგს უკან დამალვას ცდილობენ. პოლიციას მინდა ვუთხრა, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება ხომ იცით, თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, ამათ სამსახურში არა ხარ, კარგად დაფიქრდით და გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ. აუცილებლად მინდა გითხრათ, გუშინ ღამე გავათენე აქ და ბევრმა მითხრა, ბატონო გრიგოლ, რა კარგი იყო ეგ გამოთქმა – გაგხევთ ნაკერავზეო, რა კარგი სიტყვებიაო. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, „ქართული ოცნების“ ნაკერავზე გახევის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, რადგან ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს.
„თანამდებობის პირებს მინდა ვუთხრა, ახლა დაჯექით და „იუთუბში“ ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ. ჰილტერმა დამავალა და გავაკეთე, არ გამოგივათ. ნუ ცდილობთ, მარტო ბიძინა ივანიშვილს დააბრალოთ ყველაფერი, ნურც მომავალში ეცდებით, რადგან თქვენ, როგორც დეპუტატები, როგორც მთავრობის წევრები, როგორც თანამდებობის პირები, პასუხს აგებთ, მორალურს მაინც. ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ და ვინც აქედან წავა, მერე პრეტენზია არ წაუყენოს არავის, თავის თავის გარდა, თქვენ გენაცვალეთ, გავხევთ ნაკერავზე ამათ“, – განაცხადა ვაშაძემ.