გრიგოლ ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი და ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას თუ დაალაგებენ, მაშინ ჩვენც შევალთ დიალოგში, ეს სისულელეა, ეშმაკმა დალახვროს
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი და ამერიკა დაალაგებენ ურთიერთობას რუსეთთან, მაშინ ჩვენც შევალთ დიალოგში, ეს სისულელეა, ეშმაკმა დალახვროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
BBC-ის ჟურნალისტმა გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხა – „თქვენმა ოპონენტმა ჩვენთან ინტერვიუში განცხადა, რომ ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის, ეთანხმებით“?
„გამოვიყენებ საპარლამენტო ენას და არ წარმოვთქვამ იმ სიტყვას, რისი თქმაც ძალიან მინდა, რადგან არც ერთი პასუხისმგებლიანი დიპლომატი და ქვეყნის პირველი პოლიტიკური სახე არ უნდა საუბრობდეს ასეთ სისულელეს. ის მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც რუსეთს სურს, მსოფლიოს გააგონოს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკას ბრიუსელი გვახვევს თავს, ან ვაშინგტონი ან კიდევ ვინმე.
მინდა შეგახსენოთ მისი განცხადების მეორე ნაწილი, სადაც ამბობს, რომ თუ ევროკავშირი და ამერიკა დაალაგებენ ურთიერთობას რუსეთთან, მაშინ ჩვენც შევალთ დიალოგში, ეს სისულელეა, ეშმაკმა დალახვროს. მე ამის შესახებ ვამბობ – ის არის არასაკმარისად კვალიფიციური ქალი, რომ სადმე კულტურის ატაშე იყოს, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეში.
თუ იცი, რომ საჯაროდ გიწევს საუბარი, მკაფიოდ უნდა გაყო, რა დამოკიდებულება აქვს ბრიუსელსა და ამერიკას რუსეთთან შესაძლო დიალოგზე. ყოველი ომი მოლაპარაკებით სრულდება. ეს ჩვენი პროფესიის კონსტანტაა. თუ რუსეთი ჩვენს წინაპირობას დათანხმდება, მაშინ მოდით, ვისაუბროთ. და თქვენ იცით, როგორია ეს წინაპირობა – ჩვენ არ დავთმობთ ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით რაიმე სახით თავისუფლების შეზღუდვას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.