გრიგოლ ვაშაძე - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პარლამენტის იმ ორ კომიტეტში, სადაც მე ვარ, ჩემს ოპონენტებთან მუშაობაც შეიძლება და ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ
პატიოსან სიტყვას გაძლევთ, იმ ორ კომიტეტში, სადაც ვმუშაობ პარლამენტში, კულტურისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, ვხედავ, რომ ადამიანები, ვინც იქ არიან და ვინც ჩემი ოპონენტები არიან, ამ ადამიანებთან მუშაობაც შეიძლება და ამ წუთში ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გარედან ჭიჭყინი ადვილია და ახლა დაწყნარებაა საჭირო.
„პირდაპირი რეპორტაჟი მიდის ხოლმე მაგალითად, კულტურის კომიტეტის განხილვებიდან და ძალიან გთხოვთ, გამჭრიახი ჭკუით, არწივის თვალით მოუსმინეთ და ნახავთ, რა თემებზე მუშაობს ეს კომიტეტი. როდესაც დღევანდელ აღტკინებას ვუსმენ ხოლმე, მახსენდება განსვენებული ნიკა რურუა და მესტიის მუზეუმის რემონტი, ხომ გახსოვთ, რაში გვდებდნენ ბრალს, რომ სვანური ოქრო უნდა გაიყიდოს საზღვარგარეთ და ეს რემონტი მხოლოდ და მხოლოდ საბაბია. დღეს არის ეს მუზეუმი გაშანშალებული თავისი ექსპონატებით და ტურისტების შემოსევა არის იქ. დაწყნარება არის საჭირო. მინდა და მივაღწევ, რომ დავჯდე, გავერკვიო იმ საკითხებში, რაც არის კულტურის გარშემო. მე კულტურის მინისტრი ვიყავი ხუთი კვირა და გახსოვთ, ორი მტკივნეული საკითხი დავხურე ორ დღეში – მწერალთა სახლი და კომპოზიტორების სახლი. გარედან ჭიჭყინი ადვილია. ვისაც არ ჰკითხავ, ყველა ყველაფრის სპეციალისტია საქართველოში, ფეხბურთიდან გინეკოლოგიამდე ყველაფერი იცის“, – განაცხადა ვაშაძემ.