ჩვენი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ე.წ. ქართული ოცნების პირობებში NDI-სთვის ნამდვილად არ იყო ამერიკის აღმოჩენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ NDI-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, NDI-ის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც უკვე წინასაარჩევნო პროცესში ხდება, მათ შორის გაყალბების მომზადების ფაქტებთან დაკავშირებითაც.
“ჩვენს ქვეყანას NDI-სთან თანამშრომლობის ძალიან დიდი ისტორია აქვს. NDI, როგორც ტრადიცია მოითხოვს, იქნება ერთ-ერთი სერიოზული დამკვირვებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ ჩვენ, შეეხებოდა ყველა იმ დარღვევას, რომელიც უკვე ხდება წინასაარჩევნო პროცესში. ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა იმ გაყალბების მომზადებაზე, რაც ჩვენ მიერ არის აღმოჩენილი, ასევე ყველა იმ საჩივარზე, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რაზეც ამ პატივცემულმა ორგანიზაციამ თავისი “გვამებით”, კატეგორიული უარი განაცხადა ამის განხილვაზე. მინდა გითხრათ, რომ როგორც ყველა ობიექტური დამკვირვებელი, NDI არანაირ სიმპათიას არ გამოხატავს. ჩვენი ინფორმაცია, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ე.წ. ქართული ოცნების პირობებში, მათთვის ნამდვილად არ იყო ამერიკის აღმოჩენა”, – განაცხადა ვაშაძემ.