გრიგოლ ვაშაძე - მოვიგებთ არჩევნებს და ოთხი წლის განმავლობაში ვერ იცნობთ საქართველოს, გაკეთდება ის, რაც გაკეთდა 2003-დან 2012 წლამდე და იმაზე მეტი
ჩვენ შვილებს აღარ აქვთ მომავალი, გაქრა სახელმწიფოს მიმართ ის ნდობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
ვაშაძემ ყველას მოუწოდა, 31 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.
„საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა თურქეთში ემიგრაციაში ყოფნა და იქ მონური შრომა, არაადეკვატური სკოლები და არაადეკვატური ჯანდაცვა, მექრთამე, კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენი შვილები დატოვეს მომავლის გარეშე, ჩვენ შვილებს აღარ აქვთ მომავალი, გაქრა სახელმწიფოს მიმართ ის ნდობა, რომელიც 2012 წლამდე იყო. საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია. სწორედ ამიტომ გვინდა, მცირე ზომის პროდასავლური, პროფესიონალური მთავრობა და ისეთი პარლამენტი, სადაც იქნებიან ადამიანები, რომლებსაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დოკუმენტის წაკითხვა შეეძლებათ. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი კაპანაძის წარდგენა მიწევს. ეს ის ადამიანია, და იმ ადამიანთაგანია, რომელიც პოლიტიკაში შემოვიდა ჩვენი და თავისი შვილებისთვის. მას აქ ყოფნის სხვა არავითარი ინტერესი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ადამიანს უნდა – იმერეთი დაემსგავსოს იმერეთს, საჩხერე დაემსგავსოს საჩხერეს და მოისპოს ის ლეგენდები, თითქოს აქ პარიზი გააშენეს დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულად, მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ ყველა რეგიონი, ყველა ქალაქი ერთნაირად არის გაუბედურებული. რვა წელიწადი მოგვპარეს, რვა წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, რვა წელიწადი მოპარეს საქართველოს. საშინელი ტემპით მოგვიწევს მუშაობა, რომ ამის კომპენსირება მოვახდინოთ. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
31 ოქტომბერს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, კლასელებთან, ნათელმირონთან, მეზობლებთან ერთად, აბსოლუტურად ყველა მივდივართ საარჩევნო უბნებზე, ყველა მივდივართ იქ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა არ ვაჩუქოთ კორუმპირებულ ხელისუფლებას, ისეთი ხალხი, როგორიც კაპანაძეა, შევიყვანოთ პარლამენტში. მოვიგებთ ამ არჩევნებს და ოთხი წლის განმავლობაში მართლა ვერ იცნობთ საქართველოს, გაკეთდება ის, რაც გაკეთდა 2003-დან 2012-მდე და იმაზე მეტი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.