გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში, ეს არის ის, რაც მის მიმართ გვმართებს
გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში, ეს არის ის, რაც მის მიმართ გვმართებს

მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში, ეს არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ გვმართებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტ ჟანა ნემცოვას კითხვაზე – თქვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარადჭერით სარგებლობთ. მისი მხარდაჭერა მეორე ტურში უფრო უპირატესობა იქნება თუ ნაკლი, – გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი იყო სამთავრობო თანამდებობაზე მუშაობის დროსაც და ახალაც დამოუკიდებელია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია.

„საქართველოში ყველამ იცის, რომ მე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. დამოუკიდებელი ვიყავი, როდესაც 2008-2012 წლებში მთავრობაში ვმუშაობდი. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, ის ჩემი მეგობარია. როგორც საქართველოს ნებისმიერი გონიერი მოქალაქე, მადლობელი ვარ მისი იმისთვის, რომ ეს ტერიტორია თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნა. მას უნდა ჰქონდეს საქართველოში ცხოვრების უფლება. მას უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. თუ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლო სისტემას მასთან კითხვები აქვს, მან უნდა უპასუხოს მათ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე – თუ პრეზიდენტი გახდება, დაუბრუნებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დაუბრუნებს.

რაც შეეხება კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ არამხოლოდ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს.

„კი. თუმცა მე არ ვაპირებ მხოლოდ მის შეწყალებას. მე შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, შევიწყალებ ყველა ქალ პატიმარს, რომლებსაც არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამის გაკეთებას ძალიან სწრაფად ვაპირებ, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში. როგორც იურისტს, მსურს, რომ სამართლიანობას იზეიმოს. ეს ასეც იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა შესაძლებლობა, იცხოვროს აქ, თავის სახლში ყვარელში – ეს არის ის, რაც ჩვენ მის მიმართ გვმართებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.