გრიგოლ ვაშაძე - ხაჯიმბასთან შეხვედრა საჭიროა, რათა პუტინმა დაანახოს თავისივე ამომრჩეველს, რომ არსებობს „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აფხაზეთი
ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრაზე არ გეგონოთ, რაიმე სერიოზულზე ლაპარაკობდნენ, ეს საჭიროა, რათა პუტინმა დაანახოს თავისივე ამომრჩეველს, რომ არსებობს „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აფხაზეთი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინის ხელდასმულ რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელიც დგას მრავალათას საქართველოს მოქალაქის დაღვრილ სისხლზე.
„ხაჯიმბა არის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი. 11 წელი გავიდა ომიდან და 28 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან. ეს არის საოკუპაციო რეჟიმი, კრემლის რუსეთი ფედერაციის პუტინის ხელდასმული საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში, რომელიც დგას მრავალ ათას საქართველოს მოქალაქის დაღვრილ სისხლზე და რომელიც დგას იმაზე, რომ 400 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების ქართველები, აფხაზები, ებრაელები, ბერძნები, ესტონელები, რუსები, უკრაინელები არიან გაძევებულები სამშობლოდან. თქვენ არ გეგონოთ, რომ შეხვედრაზე რაიმე სერიოზულზე ლაპარაკობდნენ, ეს საჭიროა, რათა პუტინმა დაანახოს თავისივე ამომრჩეველს, რომ არსებობს „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აფხაზეთი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.