გრიგოლ ვაშაძე - განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა „ქართულ ოცნებას“ მოუწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესი შედეგებისთვის გაზაფხულზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეყოთ გამბედაობა, ჩასულიყვნენ ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ გასაოცარ დემოკრატიაზე, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
ვაშაძის თქმით, არ დარჩენილა ევროპარლამენტში ფრაქცია, რომლის წარმომადგენელსაც მხრიდან უმძაფრესი შეფასება არ მიეცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
„დღევანდელ ჩვენს ლაივს და ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ გამბედაობა ჩასულიყვნენ ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ გასაოცარ დემოკრატიაზე, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს.
არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, თუმცა გავშიფრეთ ეს სტრიმი, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ მოვიყვან ციტატებს დროის სიმცირის გამო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია, საიდანაც არ გამოსულა წარმომადგენელი და ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის არ გაეხსენებინა გავრილოვის ღამე, საქართველოს მოქალაქის მოტყუება, რაც შეეხება პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება, ის დაპირებები, რომელიც რეფორმებზე იყო და არ განხორციელებულა. მაგალითად მოუყვანეს ომში მყოფი უკრაინა, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარების სისწრაფით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ევროდეპუტატი არ გამოსულიყო და არ ეკითხა, არ დაემთავრებინა თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით – „როგორ ბედავთ“, არ უთქვამთ „როგორ ბედავთ“, „როგორი ევროპელები ხართ თქვენ“ და „რა ევროპული დემოკრატია არის ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ“.
მინდა, გავახსენო საქართველოს მოქალაქეებს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, აფრთხილებდა ხელისუფლებას – თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული, ამიტომ მოემზადეთ, რომ ეს დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესი შედეგებისთვის გაზაფხულზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.