გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ის პროცესი რომ დაგვეწყო, რაზეც არასამთავრობოები და სტრატეგიული მოკავშირეები მიგვითითებდნენ, ეს შესაძლებელი გახდებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს.
გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურთან დაკავშირებით გადაცემაში „ღამის კურიერი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ის პროცესი რომ დაეწყო, რომელზეც ამდენი ხანი დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, ეს შესაძლებელი გახდებოდა.
„დღეის მონაცემებით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. ჩვენ რომ ეს პროცესი დაგვეწყო, რომელზეც ამდენი ხანია მიგვითითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლები, ეს შესაძლებელი გახდებოდა“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, 21 ნოემბრამდე შეიძლება თუ არა რამე გაკეთდეს, ვაშაძემ უპასუხა: „ჩემი სასოწარკვეთაც ამ განცხადებაში გამოიხატა“.
„რაღაცა უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ჩვენ 2021 წელს თუ შევედით ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლამენტით და მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც მოქალაქის დაცვის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი აღარ დარჩება და ყველა ჩვენი დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც ადამიანები, რომლებსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.