გრიგოლ ვაშაძე ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში გლეხებს და მცირე მეწარმეებს შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში გლეხებს და მცირე მეწარმეებს გაესაუბრნენ.
ვაშაძის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივების განცხადებით, ბოლო წლებში მკვეთრად იკლო მყიდველების რაოდენობამ, რაც მათ ცხოვრების პირობებზე ნეგატიურად აისახა. ყოველივე ამას კი, ლარის გაუფასურება და კრედიტების გადახდის პრობლემები ემატება.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მალევე დაიწყება პროგრამების განხორციელება უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად და პენსია 400 ლარი გახდება.
„ხელისუფლება ორიენტირებული იქნება ხალხის საჭიროებაზე და არა ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა მან.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.