გრიგოლ ვაშაძე - ჩემი ყველაზე მთავარი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება
ჩემი ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება ეროვნული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება დაკომპლექტებული პროფესიონალებით, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პირველის არხის გადაცემა “დებატები 2018“-ში წამყვანის კითხვას, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვის საკუთარ თავს სთავაზობთ ამომრჩევლებს როგორც პრეზიდენტი.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში აღარ იყოს ოლიგარქიული მმართველობა და პოლიტიკური პოლიცია.
„ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, რათა ქვეყანაში დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება ეროვნული, კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება დაკომპლექტებული პროფესიონალებით. პროფესიონალები, რომელთაც ზუსტად შეუძლიათ ჩამოთვალონ არა ის, რა თანამდებობიდან რა თანამდებობაზე გადადიოდნენ, არამედ ის, კონკრეტულად რა აქვთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. ჩვენი მთავარი იდეაა, რომ მივაღწიოთ იმ წერტილს, როდესაც საქართველოში არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც საქართველოში არ იქნება პოლიტიკური პოლიცია, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაემუქრებიან თავში ჩარტყმით, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება არ უწოდებენ ფაშისტებს, როდესაც ქვეყანაში არ იქნება 150 ათასი მშიერი ბავშვი, არ იქნება ყოველი მესამე უმუშევარი, არ იქნება მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც 2012 წლის შემდეგ წავიდა სახელმწიფოდან, რათა რამენაირად შეინახოს ოჯახი. ჩვენ მართლა დავამთავრებთ იმას, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს არის დემოკრატიული პარტიების გაერთიანება, რომელსაც არც არეულობა, არც რევანში სჭირდება, რადგან უბრალოდ არ გვაქვს არც რევანშის, არც შურისძიების, არც კავკასიური ვენდეტის დრო”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში არის უკიდურესად მძაფრი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისი და ქართველს ემუქრება ფიზიკური გაქრობა.
„გურია და სამეგრელო, რომელიც ჩვენ ფაქტობრივად ფეხით შემოვიარეთ სხვა რეგიონებთან ერთად, ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვიცით ამ ზამთარს როგორ გავატარებთ, ჩვენ ვართ შიმშილის ზღვარზე, ეს არის „ქართული ოცნების“ ექვსი წლის შედეგი”, – განაცხადა ვაშაძემ.