გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიცია ხვალიდან აქციებს იწყებს, ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხვალიდან ოპოზიცია აქციებს იწყებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია მოითხოვს, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვლოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით.
„ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ აქციებს. აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე. ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება, ამას ჩვენ მხარდამჭერებს შევატყობინებთ დღეს საღამოს. ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან გრიგოლ ვაშაძემ გუშინ სოფელ ველისცხესთან მომხდარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინველისციხეში პოლიცია უკანონოდ მოიქცა.
„მოპარული, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვის უფლება, შეკრების თავისუფლება. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას განცხადებებს ჯერ იმაზე, რომ ყვარელზე ვითომ გზა გახსნილი იყო, აბსოლუტურად ტყუილია ეს. ჩვენ ისე ჩავუარეთ გომბროს 40 კმ სისწრაფით, რომ დავინახეთ თუ არა პოლიცია, არც გვიფიქრია გაჩერება და გაპროტესტება, შემდეგ ჩვენ, როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს. ჩვენი მომხრეების ნაწილი წავიდა, თუმცა ისინიც გრემთან გააჩერეს. არავითარი ავტობუსები ხელისუფლებას არ ჰყავდა მოყვანილი, უტიფარი სიცრუეა”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ველისციხეში პოლიციელების არნახული რაოდენობა იყო მობილიზებული, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო, ვერ გაეგოთ იქ დგომის მიზეზი.
„ზონდერ ბრიგადებმა სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი და ნიკა ჭურაძე. დალაქიშვილი საავადმყოფოშია, მას სახეზე გაუკეთდა ოპერაცია, აქვს ჩამსხვრეული ყვრიმალის ძვალი, ყბები და ამ ბრიფინგის შემდეგ მივდივარ მის სანახავად. ამისთანა ხელისუფლების ხელში ვიმყოფებით, ყველა მეთოდი აბსოლუტურად არის გადამოწმებული პუტინის რუსეთისგან, რადგან სხვა არავინ არ იციან და როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე, მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვთ”, – განაცხადა ვაშაძემ.