გრიგოლ ვაშაძე - 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში
ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ, – ასეთი მიმართვა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე იყო, თუმცა კომპრომისს დათანხმდა.
„აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? იმ თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და შეთანხმება შეთანხმებაა.ჩვენი მოთხოვნაა მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავება გვერდზეა გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა, სამოქალქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო-ში“,- აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ერთად არის და ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ.
„მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი არის ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ, შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ის გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს, არ გეცინებათ თქვენ თვითონ? ოპოზიციამ მიაღწია ცესკო-ს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში, ამას ყველაფერს მივაღწევთ. ქართველებს სახელმწიფო გარდა არაფერი აღარ დაგვრჩა. 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო, რადგან არავინ გვაპატიებს ამას. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში. 17 ნოემბერს ყველანი დიდ მიტინგზე“ ,- განაცხადა ვაშაძემ.