გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს პარლამენტს დღეს წარუდგენს
გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს პარლამენტს დღეს წარუდგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაცია და მისგან მომდინარე შედეგებია. ირაკლია ბერაიას განმარტებით, სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. ჩვენ გვქონდა სამსახურის ანგარიშის განხილვა გაერთიანებულ სხდომაზე. ანგარიშში არის ძალიან მკაფიოდ ასახული ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები და ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. აღნიშნული ანგარიშის განხილვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სამსახური ეფექტიანად ასრულებდა მის საქმიანობას, როგორც ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კონტრსადაზვერვო, ანტიტერორისტული, ანტიკორუფციული მიმართულებებით. სამსახურის საქმიანობას, ასევე აძლევენ მაღალ შეფასებას საერთაშორისო პარტნიორები, რაც დაფიქსირებული არის არაერთ შეფასებაში. საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველ გამოწვევად რჩება კვლავ, სამწუხაროდ, რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები, ბორდერიაზაციის უკანონო პროცესი, ისევე როგორც ოკუპანტი ძალის მიერ მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.