გრიგოლ ლილუაშვილი - როდესაც ამის დრო იქნება, სუს-ი გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება
როდესაც ამის დრო იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორ შეიძლება გითხრათ ახლა საგამოძიებო ჯგუფის ინტერესები და რაზე მუშაობს გამოძიება. როდესაც ამის დრო იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება.
მაჩალიკაშვილი გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა მოწმის სახით. გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახური შემდგომ ქმედებებს გადაწყვეტს. ამას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე მსჯელობს.
სუს-ში განაცხადეს, რომ მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.
აღნიშნულ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით გამოკითხეს.