გრიგოლ ლილუაშვილი - მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ გასულ წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა კი თავის დროს ელოდება.
ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რა სახის დამატებით ინფორმაციას ფლობდა ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო, რომ 2023 წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით.
„თქვენ თვალწინ და ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა სიტუაცია, როგორც შარშან, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, იქ „კანვასზე“ იყო საუბარი, იქ კონკრეტულ აქტორებზე იყო საუბარი, რაც ბრიფინგიდან ერთ კვირაში თუ ათ დღეში უკვე პრაქტიკაში განხორციელდა. მეტი რა უნდა გვექნა?! მტკიცებულებათა იმ ნაწილს კარგად გაეცანით ალბათ, საჯარო სივრცეში მოხვდა. იმის იქით არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.