გრიგოლ ლილუაშვილი - მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი გამოწვევების პირობებში, კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო, მუდმივი თანამშრომლობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2021 წლის განმავლობაში, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობდა, ხოლო კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდა, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით.
როგორც პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რეგიონში განსაკუთრებულად გაზრდილი საფრთხეებისა და ზოგადად, 2021 წელს, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ახალი გამოწვევების პირობებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს მჭიდრო, მუდმივი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, ასევე, წამყვან რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განმტკიცებისთვის.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ამასთან, 2021 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა ნატო-სთან თანამშრომლობას და ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. ამასთან, 2021 წელს სამსახური აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ძალისხმევაში საერთაშორისო ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეებთან ბრძოლის, სასაზღვრო უსაფრთხოების, კიბეროპერაციებსა და სხვა საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.