გრიგოლ ლილუაშვილი - „ლელოს“ ოდესმე თუ გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვლენ, მერე შეცვალონ უსაფრთხოების სისტემა
„ლელოს“ ოდესმე თუ გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვლენ, მერე შეცვალონ უსაფრთხოების სისტემა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სუს-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების სამსახურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებაზე, რომელიც ევროპული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის, ნდობის ჯგუფის გაუქმებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორ ნაწილად გაყოფის ინიციატივით გამოვიდა.
ლილუაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპის კოლეგა უწყებებიდან ჩამოდიან და ამა თუ იმ მიმართულებებზე განხორციელებულ რეფორმებს სწავლობენ.
„ძალიან თამამი განცხადებები გაუკეთებია. მე ასეთ უსაფრთხოების ექსპერტს ნამდვილად არ ვიცნობ. უსაფრთხოების ექსპერტები საქართველოში მოღვაწეობენ, ქვეყნის გარეთ არსებული ორგანიზაციები იქნებიან თუ კონკრეტული ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების სისტემით ინტერესდებიან, ჩვენ მათთან გახსნილი კომუნიკაცია გვაქვს. დარწმუნებული ვარ, არც ქალბატონ ლანას და არც სხვა ე.წ. ექსპერტებს რომ ვკითხოთ, დეპარტამენტების სახელებსაც ვერ ჩამოგითვლით, რისგან შედგება ჩვენი სტრუქტურა და კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპიდან, ჩვენი კოლეგა უწყებებიდან ჩამოდიან და ამა თუ იმ მიმართულებებზე განხორციელებულ რეფორმებს სწავლობენ. „ლელოს“ თუ ოდესმე, არ ვიცი, რამდენიმე ათეული წლის მერე თუ გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვლენ, მერე შეცვალონ უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.