გრიგოლ ლილუაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან არაჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, თუმცა ჩვენ არ ვართ მთავრობის სტრუქტურა და პოლიტიკურ შეხვედრებს არ ვესწრებით
ბიძინა ივანიშვილთან არაჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, როგორც პიროვნებასთან, თუმცა ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრი სტრუქტურა, ანგარიშვალდებულება გაგვაჩნია პარლამენტთან და პრემიერ-მინისტრთან. შესაბამისად, პოლიტიკურ შეხვედრებს თუ თათბირებს არ ვესწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მთავრობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა კითხვაზე, როგორი ურთიერთობა აქვს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან.
ლილუაშვილის თქმით, მისი წარდგინება მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ხდება.
„საერთოდ არ ვხვდებით, ის მმართველი პარტიის ლიდერია. კითხვები დამისვით, რომელიც სამომავლო გეგმებს დაუკავშირდება და არა იმას, ვისთან მექნება სატელეფონო ზარი, მოკითხვა თუ დღესასწაულის მილოცვა. ჩემი წარდგინება მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ხდება. ჩემი კანდიდატურა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე მიიღო. დებატები პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს და იქ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდება, ჩემი ან დამტკიცება, ან – არა. ბიძინა ივანიშვილის სურვილი არ არის განმსაზღვრელი, ამ პროცედურის ჩემთვის სასარგებლო შედეგით დასრულების თვალსაზრისით. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მხარდაჭერის იმედი არ მაქვს. ადამიანური ურთიერთობების მიუხედავად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნებია, სადაც ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა არ შედის“, – დასძინა ლილუაშვილმა.