გრიგოლ ლილუაშვილი - აგენტურულ საქმიანობაზე 169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, მათ შორი 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
აგენტების გამოვლენა და ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესება კამერების წინ კეკლუცობით არ ხდება – ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის გაცნობისას, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ დეპუტატები დაინტერესდნენ, ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებით თუ რა ქმედებები განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, მათ შორი 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
„აგენტების გამოვლენა და ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესება კამერების წინ კეკლუცობით არ ხდება. ოპოზიციასთან ერთად შევთანხმდით, რომ იდენტიფიცირება მოზომილი პოლიტიკით მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ ისეთ პირებზე, რომლების შემჩნეულები არიან არა მარტო რბილი ძალის ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში.
169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, მათ შორი 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. დაკავება არ არის მთავარი მომენტი, შეიძლება განეიტრალება. მთავარია არ მისცე ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხრელი საქმიანობის საშუალება. ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურები იყენებენ არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კითხვაზე ემსახურება თუ არა ყველა მათგანი რუსეთის ინტერესებს, სუს-ის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.
“ესენი არიან აქტიური პირები, რომელთა ნაწილი, რა თქმა უნდა , მათ შორის რუსეთის ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას, გეტყვით, რომ ეს არის განსაკუთრებული სფერო, სადაც სტატისტიკა, ხარისხის განსასაზღვრად არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში გააცნო.