გრიგოლ ლილუაშვილი - ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა.
მისივე თქმით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა და უმეტესი ნაწილი შესრულებულია.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი შვიდიდან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს. ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, იმაზე დიდი არაფერი განუცხადებია. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა ფარცხალაძე საქართველოში, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მან საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.
„ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა. ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს საზღვარი და საით გაფრინდება, ეს ჩვენი პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება, სხვა ქვეყანაში გაფრინდეს, შეიძლება, რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამასთან, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.