გრიგოლ კაცია - სახელმწიფო ინტენსიურად ეხმარება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომ თავისი ვალდებულებები შეასრულოს
სახელმწიფო ინტენსიურად ეხმარება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთო მხარედ, რათა აღნიშნული პროექტი შედგეს.
„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ძირითადად რვა საკითხი იყო, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვან მუხლებს. ბანკირებთან და კონსორციუმთან ერთად, დილოგის რეჟიმში, ფაქტობრივად, შევთანხმდით ექვს მუხლზე და დანარჩენი იურისტების საქმეა. კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ინტენსიურად ვმუშაობთ, ესეც გადალახვადია. რჩება კომერციული რისკების დაზღვევის საკითხი, რომელიც ქართულ რეალობაში სახელმწიფოს არ გაუცია. სურვილიც არ გვაქვს სახელმწიფოს ჩართულობის აღნიშნული სახის კერძო კომერციულ საქმიანობაში, რომ სახელმწიფომ აიღოს ეს რისკი. ასევე ბანკებთან და კონსორციუმთან ერთად, ვმუშაობთ, რა გზები და ფინანსური ინსტრუმენტები შეიძლება, გამოვიყენოთ, რომ კონსორციუმმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს, პორტიც დროულად აშენდეს და პროექტი იყოს წარმატებული. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ აღნიშნული რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე ტვირთების კერძო სექტორისთვის გარანტირებულად მიცემა და მოვძებნოთ სხვა გზები და მექამიზმები, რომელიც აღარ დააწვება ბიუჯეტს“, – განაცხადა კაციამ.
რაც შეეხება პროექტის ფინანსური დახურვის საკითხს, რომლის თარიღადად 15 ივნისი იყო დასახელებული, როგორც კაცია ამბობს, შესაძლოა, ეს გადავადდეს.
„რამდენიმე საკითხი გვრჩება ღია, მათ შორის, ტვირთების კომერციული გარანტია, შესაბამისად, ვადა გადაიწევს. დღეს გვქონდა ამაზე საუბარი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდა.
სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვაპუნქტიანი მოთხოვნები იყო.
საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.