გრიგოლ გიორგაძე - ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება
გრიგოლ გიორგაძე - ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება

ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თავდაცვა და შეკავება, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ტოტალური თავდაცვის მექანიზმი იმ მოცემულობაში, როდესაც დიდ გლობალურ მოთამაშეებს შორის დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა, ე.წ. პროქსი ომები იყოს მოსალოდნელი.

„ამ შემთხვევაში აუცილებელი კომპონენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, თუ მარტო ვიქნებით, არ მინდა, წარმოვიდგინო, რა შედეგი შეიძლება იყოს. ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომაც ვართ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში, რომ ჩვენ უსაფრთხოდ წარმოგვიდგენია თავი ალიანსში. ეს არის მოცემულობა, მაგრამ ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა მხარდაჭერას გააკეთებს, გარკვეული პერიოდი ჩვენ უნდა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება. ამაში მონაწილეობენ როგორც სამხედროები, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება და თავდაცვა-შეკავებისთვის ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გიორგაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ამოცანის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ტოტალური თავდაცვა იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს სირთულეები საერთაშორისო თავდაცვითი მექანიზმების ეფექტურობასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმაც აჩვენა, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.

„აქ სხვა ალტერნატივა არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ტოტალური თავდაცვა, ჩვენი გაძლიერება ასევე მიბმულია საზოგადოების გარკვეულწილად კონსოლიდირებასთან, შეკავშირებასთან და გაერთიანებასთან, რაც ასევე ხელს შეუწყობს იმავე ეკონომიკურ წინსვლას და ა.შ. ეს ძალიან ბევრ მომენტთან არის დაკავშირებული. სხვა ალტერნატივა აქ არ არის“, – განაცხადა გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში თავდაცვის სფეროში მოხალისეობა საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა და განისაზღვრება სამართლებრივი სტატუსი.