გრიგოლ გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსზე“ გარკვეული პოლიტიკური ძალების შეფასებები არასერიოზულია, რეალურად, მათ აწუხებთ, რომ ვეღარ ისარგებლებენ ვითომდა მღვდელმსახურების მოწმობების გაცემით
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, არასერიოზული და არაკეთილსინდისიერია შეფასებები, რაც „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ისმის.
„რეალურად, მათ აწუხებთ, რომ ახალი ცვლილებებით, ვეღარ ისარგებლებენ არაკეთილსინდისიერი შემოსავლებითა და ვითომდა მღვდელმსახურების მოწმობების გაცემით. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა გვყავდეს გადამზადებული და მომზადებული შესაბამისი უნარ-ჩვევებით რეზერვში, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ როგორც საკუთარი თავის, ასევე თავიანთი ოჯახების გადარჩენა და სამშობლოს დაცვა. ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ, რომ აქ მხოლოდ ჯარისკაცებად გვჭირდებიან ახალგაზრდები, ამისთვის გვაქვს პროფესიული სამხედრო სამსახური. წვევამდელის ამოცანაა, ბევრი ახალგაზრდა იყოს მომზადებული“, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
მისივე თქმით, რელიგიურ დისკრიმინაციაზე საუბარი არასწორია. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი მოცემულობით, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი არის მღვდელმსახურება ყველა რელიგიური კონფესიისთვის, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისთვის. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამართლებრივი რეჟიმი ყველასთვის იცვლება. „მნიშვნელობა არ აქვს, ყველა გაივლის სავალდებულო სამსახურს“, – დასძინა მან.