გრიგოლ გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები
გრიგოლ გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები

„თავდაცვის კოდექსი“ ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და ნატო-ს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა,“ – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს ადგენს და ზრდის ნატო-სთან თავსებადობას. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

„მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, ნატოელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდელსა და გადავადების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, გადავადების მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის შესწავლა მეტი გამჭვირვალობისა და ფართო ჩართულობის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, სადაც გარკვეულ შემთხვევებში საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და მიდგომა ხდება საჭირო.

„სპორტსმენი იქნება ეს თუ ხელოვანი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, არის რაღაც, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამ შემთხვევაში გადავადების მექანიზმი, უბრალოდ საკითხის შესწავლა უფრო მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. უწყებრივ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ გამოცდილებას. სწორედ ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური საკითხების შესწავლასაც გულისხმობს“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა „თავდაცვის კოდექსის“ მიზანზე, რომელიც, მისი თქმით, როგორც წვევამდელთა, ასევე პროფესიული სამხედრო სამსახურის გაძლიერებაზე, ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციისა და სამსახურისთვის უკეთესი პირობების შექმნაზეა ორიენტირებული.

უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე რეფორმის ამოცანაზე საუბრისას ერთ-ერთ პრიორიტეტად ტოტალური თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, აქტიური რეზერვის გაძლიერება დაასახელა.

„ჩვენ ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს მნიშვნელობა და ამ მიმართულებას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.