გრიგოლ გიორგაძე - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეჭრის და სხვისი საკუთრების უფლების შელახვის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას
შეჭრა ვერანაირად ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება, მხოლოდ ამ საფუძვლით, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს წესი, რა წესითაც ბინების განაწილება ხდება და ბუნებრივია, ამ წესის მიღმა ეს ვერ განხორციელდება. მით უმეტეს, იმ საფუძვლით, რომ შეჭრა არის და ჩვენ იძულებული გავხდებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. ვერა, ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა გიორგაძემ.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სამინისტრო ცდილობდა, „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსებში შეჭრილი ოჯახებისთვის ეს აეხსნა და სასიხარულოა, რომ დღეს არის პროცესი, რომელიც მისი აზრით, დადებითი შედეგით დასრულდება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდება, რომ „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ ადამიანთა ნაწილს უფლება არ აქვს, თბილისში ბინები მოითხოვოს, ან სტატუსის არქონის გამო საცხოვრებელ ფართზე შესაბამისი პრეტენზია განაცხადონ, დატოვებენ თუ არა ისინი საცხოვრებელ კორპუსს, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მოგვიანებით ეცოდინება.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას უნდა ახლდეს გარკვეული დათმობებიც, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება დათმობა იქ, სადაც წესის დარღვევა მოხდება. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. კანონმდებლობა კი, არ ითვალისწინებს შეჭრის და სხვისი საკუთრების უფლების შელახვის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, არის უამრავი დევნილი, ვინც ბინების განაწილებას წესების მიხედვით ელოდება, რა თქმა უნდა, სამინისტრო ყველას ინტერესების დამცველია და გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანად მოხდება, რაც ისედაც არსებობს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა დევნილებს კომუნიკაცია სამინისტროსთან, „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრამდე, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ დევნილთა გარკვეულ ჯგუფებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, იქ შეჭრილთა რაოდენობა უფრო მეტია და ამიტომ არის საჭირო ყველა ოჯახის დეტალურად შესწავლა.
„აბსოლუტურად ყველა პასუხი გაიცა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შევხვდით, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არ დაკმაყოფილდა. ახსნილი იყო, რომ შესაძლებელია, ორ თვეში ვერ მიიღოს ბინა, მაგრამ პერსპექტივა არის, მიიღოს მაგალითად, მომავალ წელს, ან შესაძლებელია, ასევე ისარგებლოს სხვა ალტერნატიული განსახლების პროგრამით, როგორიცაა მაგალითად, შესყიდვის პროგრამა“, – განაცხადა გიორგაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას თბილისისთვის დაიწყო ახალი პროექტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ერთ კვ.მ-ზე 350 დოლარის თანადაფინანსებას ითვალისწინებს და ეს უფრო მეტ დევნილს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ საბინაო საკითხები დაიკმაყოფილონ.