გრიგოლ გიორგაძე - განსახლებისას პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანს, რომელიც უფრო გაჭირვებულია
განსახლებისას პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანს, რომელიც თანაბარ შემთხვევაში, უფრო უკიდურესად გაჭირვებულია, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, ორ თვეში რვაას ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ყველა დანარჩენი არ იმსახურებს ბინებს. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ პრობლემები და ამიტომაც არის შემდეგი ეტაპი. უახლოესი ეტაპი იქნება მომავალ წელს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება ყველა დევნილი ოჯახი“, – განაცხადა გიორგაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია კრიტერიუმები და პროცედურები, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული ოჯახი ქულათა კონკრეტულ რაოდენობას იღებს, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, კიდევ ერთხელ იმსჯელოს იმაზე, არის თუ არა შემოსაღები სხვა წესი, რაც სისტემას უფრო მეტად სამართლიანს გახდის.
„ვფიქრობთ, ომის ვეტერანობა, მრავალშვილიანობა, სოციალურად დაუცველობა, მარტოხელა დედობა და ასეთი კრიტერიუმები ერთ-ერთი სამართლიანი კრიტერიუმია. თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში რამე კითხვის ნიშნებია, ჩვენ პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად სამართლიანად მოხდეს განაწილება. ამისთვის, გვაქვს გამჭვირვალე პროცესი, როცა კომისიურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამ კომისიის მუშაობაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები. ანუ, მაქსიმალურად ვცდილობთ, გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს“, – განაცხადა გიორგაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რათა დევნილებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფოს ისინი არ სჭირდება, როგორც ამას „დირსში“ მყოფი დევნილები აცხადებენ, გიორგაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება კონკრეტული პროგრამებით ჩანს.
„როდესაც ადამიანი ბინას ამდენი წელი ელოდება, ბუნებრივია, მას ეს განცდა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, პარალელურად, მათი ახლობლები დაკმაყოფილდნენ და აქვთ ჭერი. ჩვენ ძალიან ბევრ ბედნიერ ადამიანსაც ვხედავთ, როცა განსახლება ხორციელდება. გვაქვს მასშტაბური მშენებლობები და ორი წლის განმავლობაში 6 000 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება“, – განაცხადა გიორგაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2013 წლამდე საერთოდ არ არსებობდა კრიტერიუმი, რითაც ბინა განაწილდებოდა და ეს კონკრეტული ჩინოვნიკის კეთილ ნებაზე, თუ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებზე იყო დამოკიდებული.