გრიგოლ გიორგაძე - დევნილებთან, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ხვალიდან სამუშაო რეჟიმში გვექნება ურთიერთობა
გრიგოლ გიორგაძე - დევნილებთან, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ხვალიდან სამუშაო რეჟიმში გვექნება ურთიერთობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ იმ დევნილებთან, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ხვალიდან სამუშაო რეჟიმში ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა მათთან. ინდივიდუალურად გავიარეთ ყველა ოჯახის საკითხი. ხვალიდან უკვე შეგვეძლება, ნორმალურ, სამართლებრივ რეჟიმში დავბრუნდეთ და ჩვენს ოფისში შევძლოთ საკითხების გადაწყვეტა. წესი და რიგი არის ასეთი, ანუ ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ის იღებს ბინას. თბილისში მიიღებს ბინას ის დევნილი, რომელიც 2013 წლის ივნისამდე არის თბილისში რეგისტრირებული. ეს ყველაფერი განემარტათ მათ. ჩვენ ამ წესს ვერ გადავუხვევთ. მადლობა გადავუხადე მათ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად მიიღეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, არის 10-მდე ოჯახი, რომელსაც პერსპექტივა აქვს, უახლოეს ორ თვეში გასანაწილებელ 800 ბინაში მიიღო საცხოვრებელი, გამოითქვა სურვილი სხვა პროგრამებზეც. აგრეთვე, ქუთაისში, ზუგდიდში მშენებლობები წლის ბოლომდე დასრულდება და ბინის მიღების პერსპექტივები იქაც იქნება.

რაც შეეხება „დირსის“ მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, იგივე პროცესი იქნება მათთანაც.

„დღეს ჩვენ მოგვაწოდეს 120 ოჯახის სია, შევისწავლეთ ეს ოჯახები და, როგორც გავაკეთეთ მე-13 კორპუსში შეჭრილ დევნილებთან მიმართებაში, შეგვიძლია დანარჩენი დევნილების წარმომადგენელთან ერთადაც დავსხდეთ და დეტალურად გავიაროთ ყველა ოჯახის პერსპექტივა. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად დასრულდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილმა 130-მდე ოჯახმა ტერიტორია დატოვა. ადგილზე კიდევ ასამდე ოჯახი რჩება.