გრიგოლ გიორგაძე - ჩვენი მოდელი, ძირითადად, არის ფინეთის, ესტონეთის მოდელი, რაც ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას
ექვს, რვა და 11-თვიანი პროგრამის შემთხვევაში, ვიდრე გაწვევა ოფიციალურად გამოცხადდება, ახალგაზრდებს შეეძლებათ, თვითონ აირჩიონ, რომელი ფორმით სურთ სავალდებულო სამსახურის გავლა, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, ვინ ირჩევს და როგორ დგინდება, თუ სად გამწესდება წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
„თუ გაწვევა უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და ნება გამოხატული არ არის, იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს სახელმწიფოს თითოეული მიმართულებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამით მოხდება ახალგაზრდების შერჩევა. მაგალითად, არის 10 000 ან 15 000 გასაწვევი, კონკრეტულ წელიწადში გვჭირდება და გვაქვს რესურსი, რომ გავატაროთ 7 000 ახალგაზრდა, ისინი სწორედ ამ 15 000-დან შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამით“, – განაცხადა გიორგაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, სად და რა ფორმით უნდა გამოხატოს ახალგაზრდამ ნება, თუ რა პროგრამით სურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ რეფორმა სისტემის აბსოლუტურ გაციფრულებას მოიცავს და ნების გამოხატვა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
„რატომ ხდება ეს 2025-დან? ჩვენ ეს პერიოდი სწორედ ამიტომ გვჭირდება, მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა გავწიოთ და უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ რეფორმას გამართული შევხვდეთ. ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ შეიქმნას ელექტრონული პროგრამის სისტემა. ანუ, ნების გამოხატვა მოხდება ელექტრონულად, რაც უკვე თავისთავად არის გარანტია დაცულობის, გამჭვირვალობის და ა.შ.“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გაწვევას და აღრიცხვას თუ ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ, ეს ფუნქცია 2024 წლიდან თავდაცვის სამინისტროში გადადის.
„შესაბამისად, ჩვენ უნდა გავმართოთ ეს სისტემა და ის იქნება ელექტრონული. ასევე, ავაშენებთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შენობებს, რომელიც სწორედ ამ პროცესებისთვის, გაწვევა-ორგანიზებისთვის იქნება. გარდა ამისა, ჯარის პოპულარიზაციისთვის მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, რაც ჯარის პოპულარიზაციას მოემსახურება“, – აღნიშნა გიორგაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში იგეგმება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობისთვის ამ პროცესების ახსნა მოხდეს.
როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება აპელირება, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მონობა, მაშინ, როდესაც ის მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ა.შ.
„ჩვენი მოდელი, ძირითადად, ეს არის ფინეთის მოდელი, ესტონეთის მოდელი, რომელიც თავისთავად გამოდის შვეიცარიული მოდელიდან და ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, რადგან დღეს წვევამდელთა სამსახური არასწორი სისტემაა, ის ნაკლებად პოპულარულია და სწორედ მისი შეცვლა მიმდინარეობს.
„ჩვენ როდესაც გვექნება რეალური, ნამდვილი მომზადება-გადამზადება, ასევე გვექნება სხვადასხვა ბენეფიტი მოტივაციისთვის და ა.შ., ჩვენი მოლოდინია, რომ გაიზრდება მომართვიანობა. თავდაპირველად ნებაყოფლობით მოხდება დაფიქსირება, სად სურს ახალგაზრდას სამსახურის გავლა და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს მართლაც არ დაგვჭირდეს სავალდებულო წესით გავიწვიოთ. ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ, რომ ყველას სურდეს, გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.