გრიგოლ გეგელია - ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ კრისტიან დანიელსონის სახით მათ ესაუბრება ევროკავშირი, პარტნიორი, რომლის წევრობაც არის საქართველოს ისტორიული მიზანი
ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ კრისტიან დანიელსონის სახით მათ ესაუბრება ევროკავშირი, პარტნიორი, რომლის წევრობაც არის საქართველოს ისტორიული მიზანი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკების გაგრძელებისას ყველა მხარის სულისკვეთება კონსტრუქციული უნდა იყოს.
„ბატონი დანიელსონის უკან ჩამოსვლა ასეთ მოკლე დროში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპული კავშირის უპირველესი ინტერესია, საქართველოში ეს კრიზისი გადაიჭრას დროულად, ეფექტურად და ისე, რომ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ ინტერესები არ დაზარალდეს. დღეს პირდაპირ ევროკავშირიდან ვისმენთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ბედი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ასოცირების ხელშეკრულება შესაძლოა, დადგეს რისკის ქვეშ და შესაბამისად, საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი დადგეს რისკის ქვეშ. ამ კრიზისის გადაჭრა ბატონი დანიელსონის ჩართულობით არის უპირველესი მნიშვნელობის, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და გაიუმჯობესოს სტრატეგიული პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.
ბატონ დანიელსონს აქვს არნახული მასშტაბის ლეგიტიმაცია, მას აქვს ევროპულ კავშირში არსებული უკლებლივ ყველა შტოს ნდობის მანდატი. შესაბამისად, როდესაც ბატონი დანიელსონი აქ შეეცდება მედიაციას, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მათ ესაუბრება ევროპული კავშირი და ჩვენ გვესაუბრება ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, რომლის წევრობაც არის საქართველოს ისტორიული სტრატეგიული მიზანი. ჩვენი სულისკვეთება უნდა იყოს მთლიანად კონსტრუქციული“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიაციის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.