გრიგოლ გეგელია - ყოველთვის ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს თამაში და ბავშვური სიჯიუტე ქვეყნისთვის და მისი კეთილდღეობისთვის ცუდად დამთავრდებოდა
დაგვიდგა მომენტი, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და ყოველთვის ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს თამაში, ბავშვური სიჯიუტე ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კეთილდღეობისთვის ცუდად დამთავრდებოდა, – ასე აფასებს „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარის სახელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო, პოლიტიკური რისკი გადაჭრილიყო.
„სამწუხაროდ, დაგვიდგა მომენტი, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და ყოველთვის ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს თამაში, ბავშვური სიჯიუტე ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კეთილდღეობისთვის ცუდად დამთავრდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო, ეს პოლიტიკური რისკი გადაჭრილიყო. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა მხარეს, თუმცა უპირველესად, ეკისრება ხელისუფლებას და ამას აქვს კონკრეტული ახსნა. ხელისუფლებას აქვს ის ბერკეტები, რომელიც არ გააჩნია არც ოპოზიციას და არც სხვას. სწორედ მათ თქვეს უარი იმ სამი მიმართულებით შეთანხმებაზე, რომელზეც მთელი ოპოზიცია შევთანხმდით და ვთქვით, რომ ეს ჩვენთვის მისაღებია. ხელისუფლებამ თქვა გუშინ, რომ მთელი ეს ფორმატი იყო უშინაარსო. ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივცემთ საშუალებას, ააყირაონ მაგიდა მაშინ, როდესაც ხელისუფლება არც ერთ პუნქტზე არ თანხმდება. ვთანხმდებით სამ პუნქტზე და ვამბობთ, რომ მზად ვართ დარჩენილ ორზე მოვილაპარაკოთ. ჩვენ პარტნიორს ვესაუბრებით ძალიან ხშირად და ვაცხადებთ, რომ გვინდა გადავარჩინოთ მედიაციის პროექტი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისივე თქმით, გამოსავალი არსებობს და ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალიან სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება.
„უნდა დავანახოთ ევროპას და ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არის სერიოზული პარტნიორი, რომელსაც აქვს ევროპული მომავალი. ხელისუფლებამ უნდა მოიშალოს ეს დესტრუქციული ნაბიჯები. ვალდებულია, მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოლაპარაკების სულისკვეთებით და ჩვენთან ერთად განიხილოს დარჩენილ ორ პუნქტზე სამოქმედო ნაბიჯები. საქართველო, გარდა ფინანსური დახმარებისა, შესაძლოა კარგავდეს იმ ძალიან მნიშვნელოვან ასოცირების პაკეტს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ბუნებრივია, კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც არსებობს ევროპულ დონეზე, არის უვიზო მიმოსვლა და ეს ის სხვადასხვა სიკეთეა, რომელიც მოიტანა ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ახლა მაინც დაინახოს, რომ საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკური მომავალი რისკის წინაშე დააყენა.
ოპოზიციის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ტაქტიკა, საერთო შინაარსები, რომლებიც გვაერთიანებს ტაქტიკურ დონეზე და ის, თუ როგორ ვიმოქმედებთ შემდეგ თვეებში. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები ვართ, მაგრამ ვთანამშრომლობთ და ვკოორდინირებთ ტაქტიკურ საკითხებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.