გრიგოლ გეგელია - ვემხრობით, გონივრულ ფარგლებში მოხდეს შეზღუდვების ლიბერალიზება, სამწუხაროდ, ხელისუფლება კრიზისს ვერ მართავს
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გონივრულ ფარგლებში შემსუბუქება უნდა მოხდეს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლება არსებულ კრიზისს ვერ მართავს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემხრობით, რომ გონივრულ ფარგლებში მოხდეს გარკვეული ლიბერალიზება შეზღუდვების, დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს ამ კრიზისს, მას არ გააჩნია გონივრული მართვის უნარი და კომპეტენცია, შესაბამისად, მისი ერთადერთი პოლიტიკური პასუხი და პოლიტიკა არის აბსოლუტური ერთიანი შეზღუდვა ყოველგვარი განცალკევების გარეშე. ახლა ამის მაგალითია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აბსოლუტური უგუნური შეზღუდვაა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ თუ ნორმები არის დაცული, არ წარმოადგენს არანაირ განსაკუთრებულ საფრთხეს კორონავირუსის გავრცელებისა. ამირან გამყრელიძე კი ამბობდა ავსტრიაშია გახსნილი ზამთრის კურორტიო, მაგრამ ვხედავთ, რომ 5 სახელმწიფოში არის ღია ზამთრის კურორტები. ვთხოვ ხელისუფლებას, შეისწავლოს ეს შემთხვევები, ხელისუფლებამ არ ისურვა პოლიტიკის მოგონება და უბრალოდ თქვა, მოდი, მარტივად ჩავკეტოთ და ჩაკეტა. ამ ჩაკეტვას კი ათასობით ადამიანისთვის აქვს შემზარავი ეფექტი ყოველ დღე, ვხედავთ, რომ 162 000 მოქალაქაზე მეტია შემოსავლის გარეშე დარჩენილი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.