გრიგოლ გეგელია - საარჩევნო კანონმდებლობაზე ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ძალიან ბევრი კრიტიკული მიმართულება
ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ მოწმობს, როგორ უყურებენ ჩვენი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“, თუ რა იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ შიშს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს არ გაატარებს სრულფასოვნად, დემოკრატიულად. ეს რეფორმები უნდა იდგეს აუცილებლად დემოკრატიულ კონსენსუსზე და უნდა იდგეს საპარლამენტო კონტროლის საუკეთესო ტრადიციებზე. ჩვენ ამას ძალიან პირდაპირ ვკითხულობთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების მითითებაში, იმავე დროს აქ საუბარია, რომ მიუხედავად იმისა რომ რიგი მიმართულებებით არის პოზიტიური ცვლილებები ამის მიუხედავად, მთელი რიგი ფუნდამენტური მიმართულებებით არ შეიმჩნევა ადეკვატური, სრულყოფილი ცვლილებები ან ცვლილებების სურვილი და მეორეს მხრივ, ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები უნდა გატარდეს, რათა ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი გამართულ, სამართლიანი სისტემა“, – განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, ამ დასკვნაში არის ძალიან ბევრი კრიტიკული მიმართულება.
„ეს არის ის შემზღუდავი მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად, უკრძალავს საპარლამენტო ბოიკოტის ძალიან მნიშვნელოვან, დემოკრატიულ მექანიზმს. იმ შემთხვევაში, თუკი მათ მეორე მხრივ, სურთ, წარადგინონ წევრი საარჩევნო კომისიაში, რაც არ არის თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან და დემოკრატიულ ცხოვრებასთან, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის უფლება არის ნებისმიერი პარტიის სრულფასოვანი, დემოკრატიული უფლება ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს არის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურად იქნეს გამოყენებული პროტესტის დასაფიქსირებლად, შესაბამისად, ასეთი ტიპის შემზღუდავი მექანიზმი არ შეიძლება რომ არსებობდეს ამ კანონში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს არ იყოს ის საბოლოო კანონი, რომელიც იქნება გატანილი დს დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ვიზრუნებთ რომ რაც შეიძლება დემოკრატიული, გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებზე მორგებული კანონი მიიღოს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ, ჩვენ სრულყოფილად გავითვალისწინებთ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისის დასკვნებს უზრუნველყოფთ ასევე იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ასევე მოუხდეს ამ დასკვნების გათვალისწინება“, – განაცხადა გეგელიამ.
ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.
საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:
„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;
2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;
3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.