გრიგოლ გეგელია - „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლას მოველოდით, მათ გადაწყვეტილებას ცხადია, ექნება პოლიტიკური ფასი
გამიჭირდება, რამე ახალი ვთქვა „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ბევრი ჩვენგანი მოველოდით დიდი ხნის განმავლობაში. სამწუხაროდ, მათ გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მასკარადში ინტეგრირება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„მათ გადაწყვეტილებას ცხადია, ექნება პოლიტიკური ფასი და ამას ყველანი ერთად ვიხილავთ, როდესაც მისი აღმატებულება საქართველოს ხალხი გამოსცემს თავის ვერდიქტს ამ თვეებსა და პერიოდზე.
ვფიქრობ, ეს პარლამენტი არ არის რეალურად ქმედუნარიანი. ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, თუ რა თანხმობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, არის საკმაოდ კომიკური. მეორეც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს უნიკალური უნარი, დაგპირდეს რაღაცას და არ გააკეთოს ეს, აბსოლუტურად, საერთოდ არც ერთი მიმართულებით“, – განაცხადა გეგელიამ.
მან კომენტარი გააკეთა იმ მემორანდუმთან დაკავშირებითაც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის შედგა.
„არ მინდა, ანალიტიკურ სიღრმეებში შესვლა, ამ მემორანდუმში არის ერთი-ორი საინტერესო რამ, მაგრამ ჩვენი ოთხპუნქტიანი შეთანხმება შედგება ოთხი მნიშვნელოვანი პუნქტისგან, საიდანაც ოთხივეს აღსრულება დღეს მიგვაჩნია უაღრესად საჭიროდ და აუცილებლად, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას სრულად და ეფექტიანად. ჩვენი პოზიცია არის იგივე და მყარი, რაც ამ დროის განმავლობაში იყო. ჩვენთვის პოლიტიკოსობა და პარლამენტარობა აუცილებელია ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლება და დემოკრატია რეალურად არსებობს, სადაც არ არიან პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მსხვერპლები და სადაც არჩევნები ტარდება რეალურად დემოკრატიულად. ჩვენ ისევ ვიბრძვით რიგგარეშე არჩევნებისთვის. ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ აქტიური შრომით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა გეგელიამ.