გრიგოლ გეგელია - დღეს თუ ვერ შევძელით მედიაციის საშუალებით შეთანხმების მიღწევა, მაშინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და მომავალი დაზარალდება
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება შევძლოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სერიოზული პარტნიორი. მზად ვართ, გავაკეთოთ რიგი კომპრომისები, ვიყოთ პატრიოტული, რაციონალური და კონსტრუქციული, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გრიგოლ გეგელია იმედოვნებს, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შედგება.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის, ამას პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი გვეუბნება ცალსახად, მკაფიოდ და გასაგები ენით. დღეს თუ ვერ შევძელით, რომ ამ მედიაციის საშუალებით მივაღწიოთ შეთანხმებას, მაშინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და მომავალი დაზარალდება, შეიძლება შეუქცევადადაც კი. ძალიან დიდი ხანი დასჭირდება საქართველოს გამოყვანას იმ დილემიდან, რომელშიც ჩვენ შევალთ. დღეს, როგორც არასდროს ისე გვჭირდება შევძლოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სერიოზული პარტნიორი. ჩვენ ვართ მოწადინებული გადაიჭრას ეს კრიზისი მშვიდობიანად და ცივილიზებულად. მზად ვართ, გავაკეთოთ რიგი კომპრომისები, მზად ვართ, ვიყოთ პატრიოტული, რაციონალური და კონსტრუქციული. რაც შეეხება საკუთრივ დოკუმენტს ბუნებრივია, უნდა ვნახოთ, რა არის დოკუმენტში, როგორია მისი შინაარსი, რას გულისხმობს, თუკი ჩვენ მივიჩნევთ, რომ აქ არის საკმარისად მძიმე და წონადი შინაარსი იმისათვის, რომ დემოკრატია განვითარდეს, მაშინ ჩვენ დავფიქრდებით, რომ დავთანხმდეთ ამ დოკუმენტს, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ კონკრეტულად რა იქნება მასში. უარი ჩვენგან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ ეს დოკუმენტი საკმარისად ამბიციური არ არის კრიტიკული მიმართულებებით რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა გეგელიამ.