გრიგოლ გეგელია - ჩვენ გვაქვს რესურსი, შევავსოთ ფრაქცია და გავაგრძელოთ შრომა პარლამენტში
გრიგოლ გეგელია - ჩვენ გვაქვს რესურსი, შევავსოთ ფრაქცია და გავაგრძელოთ შრომა პარლამენტში

ჩვენ გვაქვს რესურსი, შევავსოთ ფრაქცია, და ჩვენი ფრაქცია გააგრძელებს შრომას პარლამენტში. ბუნებრივია, ვიბრძოლებთ ყველა პროცესის გამოყენებით, მათ შორის ფრაქცია საპარლამენტო შრომის სახით იბრძოლებს. მამუკა ხაზარაძე გამონახავს სხვა ძალიან საინტერესო თუ არა, ბევრად პროდუქტიულ ფორმებს ბრძოლისა პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ეფექტიან მოდელს შექმნის.

„ლელოს“ ყოველთვის ჰქონდა უნარი, ყოფილიყო ყოვლისმომცველი, დაეფარა სხვადასხვა ჟანრი, და ახლაც დავფარავთ სხვადასხვა ჟანრს პოლიტიკური ქმედებისა და მოღვაწეობისა. ჩვენ გვინდა ყველა მიმართულებით ცვლილების განხორციელება. ამ ეტაპზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ფრაქცია შენარჩუნდება და გააგრძელებს მუშაობას, ხოლო დანარჩენს ვნახავთ ერთად. ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. მას აქვს სრულიად გამართული არგუმენტაცია, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მამუკამ ამ ნაბიჯით ძალიან კარგად ამხილა სიყალბის ის კულტურა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, სიცრუის ის პირამიდა, რომელსაც მწვერვალზე, თავზე აზის ბიძინა ივანიშვილი და ამ პირამიდამ გვითხრა, რომ არჩევნებს აღარ აქვს ამ ქვეყანაში აზრი, რომ ყველაფერი მაინც ისედაც პრივატიზებულია, ნოტარიულად გაფორმებული და შესაბამისად, ქართველი ხალხის ძალისხმევას, რაიმე შეცვალონ, არ გააჩნია აზრი. მამუკა ხაზარაძემ ეს სისტემა გუშინ ამხილა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვა კოლეგებს, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რათა მაქსიმალურად შეარყიონ ეს სისტემა საქართველოს პარლამენტის წიაღიდან“, – განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება საკრებულოს შესაძლო დატოვების საკითხს, გეგელია აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხული არაფერია, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა სამწუხაროდ სრულიად ექსტრემალური ვითარება, ყოველ ჯერზე, სადაც ოპოზიცია ვცდილობდით სიტუაციის სტაბილიზებას, ყოველ ჯერზე, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უარესი ჩიხი, უარესი კრიზისი – ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი. „ოცნებას“ არაფერი ხელეწიფება, გარდა კრიზისების შექმნისა. ახლა ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ, რომ ექსტრემალურ ვითარებაში არ არის გამორიცხული სრულიად ექტრემალური ნაბიჯები, რომლებიც სხვა დროს შეიძლება არ ყოფილიყო ჩვენ მიერ მოწონებული, ამიტომ გამორიცხული არაფერია. ახლა ვმსჯელობთ მოქმედების კონკრეტულ ტაქტიკაზე“, – განაცხადა გეგელიამ.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.