გრიგოლ გეგელია - ჩვენ გვაქვს მასშტაბური ეკონომიკური პროგრამა, ვიცით, როგორ უნდა შემოვიყვანოთ დიდი კომპანიები, გვაქვს ცოდნა, რასაც დიდი კაპიტალის შემოდინების ხელშესაწყობად გამოვიყენებთ
ჩვენ გვაქვს მასშტაბური ეკონომიკური პროგრამა, ვიცით, როგორ უნდა შემოვიყვანოთ დიდი კომპანიები, გვაქვს ცოდნა, რასაც დიდი კაპიტალის შემოდინების ხელშესაწყობად გამოვიყენებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათი უპირველესი მიზანი იქნება ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა.
„ჩვენი მიზანია ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია. ოთხი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის უპირველესი რამ, რასაც მიზნად დავისახავთ. შედეგად, გავაორმაგოთ ბიუჯეტი და ავიყვანოთ 56 მილიარდ ლარამდე. ჩვენ ვამბობთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში შევძლებთ, გავზარდოთ პენსია და ის იყოს 1 000 ლარი, თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გარეშეც კი, ჩვენ გვაქვს მარტივი ნათელი მოდელი, როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ დამატებით ექვს მილიარდ ლარს, რაც სჭირდება 1 000-ლარიანი პენსიის გაცემას. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 200 ლარით გავზარდოთ პენსია, არსებული ფუჭი ხარჯების დაზოგვის ხარჯზე. 200 ლარი პირველივე წელს, მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში და შემდეგ ეტაპობრივად ავიყვანთ 1000 ლარამდე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი, რომელიც არის საკმაოდ უნიჭო, გასული 13 წლის განმავლობაში 3,5-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. შესაბამისად, ვიცით, რომ ასეთ პირობებში თუ მოხდა ზრდა, კომპეტენტური კოალიციური ხელისუფლების პირობებში შეგვიძლია, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. ეკონომიკური ხედვა, დიდი მეგაპროექტები, რომლებიც უნდა დასრულდეს – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ქუთაისში ლოგისტიკური ჰაბის გაკეთება, თელავის ღვინის დედაქალაქად გადაქცევა, სწორი ეკონომიკური პროცესი წლების განმავლობაში გახდის შესაძლებელს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყოს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ტიპის და რა ხარისხის ინვესტორები გვჭირდება და ჩვენ ვართ მათთან ხაზზე, მათთან კავშირი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე იყვნენ პორტის მზადების პროცესში, რომელიც 20 ათას ადამიანს დაასაქმებდა. ჩვენ გვაქვს მასშტაბური ეკონომიკური პროგრამა, ვიცით, როგორ უნდა შემოვიყვანოთ „ამაზონი“, „ალიბაბა“, დიდი კომპანიები და გვაქვს სოციალური კაპიტალი, ცოდნა, რასაც დიდი კაპიტალის შემოდინების ხელშესაწყობად გამოვიყენებთ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.