გრიგოლ გეგელია ადასტურებს, რომ „ლელო“ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობს - მე და „ნაცმოძრაობის“ წევრი ერთ ექიმთან რომ დავდიოდეთ, პოლიტიკურ მსგავსებაზე მიუთითებს თუ იმაზე, რომ ექიმი არის კარგი?
პარტია „ლელოში“ ამერიკელ პიარკონსულტანტთან, ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას ადასტურებენ. როგორც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, ჯერემი როზნერი გამოცდილი, მაღალი დონის პროფესიონალია და მოხარული არიან, რომ ასეთი მრჩეველი ჰყავთ.
„ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ არაერთ წამყვან კონსულტანტთან, მათ შორის ერთ-ერთი არის ჯერემი როზნერი. ჩვენთვის დიდი პატივი, სიხარულია, რომ ასეთი მრჩეველი გვყავს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კითხვაზე, როდის დაიწყეს ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ასეთი დეტალები საინტერესო არ არის. „ეს არის ისეთი ტიპის დეტალები, რომლებიც, არ მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ თანამშრომლობენ მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პიარკონსულტანტთან, გეგელიამ აღნიშნა:
„ჯერემი როზნერს ფართო გამოცდილება აქვს სხვადასხვა სახელმწიფოში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორი ჩვენთვის, როგორც გამარჯვებით დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის. მაგალითად, მე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ერთ ექიმთან რომ დავდიოდეთ, ეს რაიმე პოლიტიკურ მსგავსებაზე მიუთითებს თუ იმაზე, რომ ექიმი არის კარგი? რაც შეეხება თანამშრომლობას, ყველაფერი არის ნათელი, მარტივია, თუ წარსულში, 12, 15 და 20 წლის წინ, ხსენებული კონსულტანტი ვინმესთან თანამშრომლობდა, ეს საერთოდ არ არის არსებითი დღეს, 2024 წელს, როცა ის თანამშრომლობს ჩვენთან, „ლელოსთან“. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი დღის წესრიგი და მჭიდრო კავშირში ვართ ტოპკონსულტანტებთან, მათ შორის არის ჯერემი როზნერი. ტოპკონსულტანტებთან ერთად და ჩვენი დამოუკიდებელი დღის წესრიგით ვაპირებთ, მნიშვნელოვან, სოლიდურ გამარჯვებას მივაღწიოთ, რისკენაც სვლა დაწყებულია“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.