უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია კიდევ ერთ უნივერსიტეტს გაუუქმა.
შპს „წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გუშინ განიხილეს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მონიტორინგი ძველი სტანდარტებით განხორციელდა.
„2018 წლის 22 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებაში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).
მოგახსენებთ, რომ ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, დარღვეულია საგანმანათლებლო პროგრამებთან და საგანმანათლებლო/მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტები. დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აქვე მოგახსენებთ, რომ დაწესებულებას უფლება აქვს, ისარგებლოს კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურებით.
სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ აღნიშნული დაწესებულების სტუდენტებისთვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სურვილის შესაბამისად, გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ამასთან, ცენტრი მზად არის, გაუწიოს სტუდენტებს შესაბამისი კონსულტაცია მიმდინარე პროცესებთან და დაწესებულებებთან კომუნიკაციის დამყარებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
რამდენიმე დღის წინ, ასევე, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“. აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება.