გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი „მე, ნიკოლაი გუმილიოვი!" დღეს ნიკო გომელაურის ხსოვნას მიეძღვნება
გრიბოედოვის თეატრის დასის გადაწყვეტილებით, დღეს სპექტაკლი „მე, ნიკოლაი გუმილიოვი!” ქართველი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ხსოვნას მიეძღვნება.
გომელაურის გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა. მსახიობი 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.
სპექტაკლის დადგმა და სცენური ვერსია ეკუთვნის რეჟისორ ლევონ უზუნიანს. მთავარ როლშია გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანი.
სპექტაკლში გამოყენებულია რუსი პოეტის, ნიკოლაი გუმილიოვის ლექსები საქართველოზე, მოგონებები, უნიკალური საარქივო მასალები.
ნიკო გომელაური 1970 წელს დაიბადა, 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2010 წელს გარდაიცვალა.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო… აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.