თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა კონცერტი „ჩემო თბილის ქალაქო“ გაიმართა.
კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას ეძღვნება და მას მუსიკალურად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით აფორმებს. სცენაზე ქართველმა მომღერლებმა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სიმღერები შეასრულეს.
„თბილისობა 2018“-ის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა. საპატიო მოქალაქეებს შორის არიან: ლანა ღოღობერიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, გიული ჩოხელი, თენგიზ უთმელიძე, გაიოზ კანდელაკი, მაია მანია, კონსტანტინე მარდალეიშვილი, ნოდარ ცერცვაძე, ვლადიმერ კახაძე, თემურ ჩალაბაშვილი, შაფთაიდ ცური, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი.
ამასთან, მომღერალი ქეთი მელუა და ბალეტმაისტერი და მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი საპატიო მოქალაქის წოდებით მერმა ორი კვირის წინ დააჯილდოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა მოქალაქეებს თბილისობა კიდევ ერთხელ მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თბილისობა თბილისელებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. დღეს დასრულდა სახალხო დღესასწაული. ძალიან შთამბეჭდავი იყო. მრავალი ღონისძიება გაიმართა ამ ორ დღეში და დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც მოსული იყო, ასევე ის ადამიანები, ვინც ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდნენ. საკმაოდ საინტერესო კონცერტი იყო და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გალა კონცერტი გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა.